Monday, May 4, 2009

წვიმიანი ეროტიკულობით მსუბუქად შეფერილი პოსტი

ალბათ რამდენი წერილი იწყება ასეთი ბანალური ფრაზით-წვიმს... ათასობით, მაგრამ ჩემი პოსტის შემდეგ მათი რიცხვი ათასერთამდე გაიზრდება.

წვიმს... დილიდან უსიამოვნოდ, შემაწუხებლად წვიმს. არასდროს მესმოდა იმ ადამიანების, ვისაც წვიმა უყვართ და წვეთების ხმა კარგ ხასიათზე აყენებთ. როგორ შეიძლება სველმა, ნაცრისფერმა, მობუზულმა ქუჩამ დადებითი ემოციები აღგიძრას? პირადად მე წვიმის დროს საშინელი მელანქოლიის გარდა არანაირი გრძობა არ მიჩნდება.

მოკლედ, დილიდან წვიმს. სამსახურში არ წავედი მარტივი მიზეზის გამო-დაინგრა. ლექცია თორმეტ საათამდე არ მაქვს და ჩემმა სხეულმაც მაინცდამაინც დღეს გადაწყვიტა რვის ნახევარზე გაღვიძება. ჰიგიენური და გასტრონომიული პროცედურების აღსრულების შემდეგ ასეთი კითხვა გამიჩნდა: რა უნდა აკეთო სახლში ასეთ წუნწკლიან ამინდში, როცა ცხოვრება გეზარება და სრულ უაზრობას განიცდი.

1. უყურო საყვარელ სერიალს: სველ ამინდს "sex and the city"-ს მეოთხე სეზონი მივუძღვენი. მაგრამ ბოლო სერიებისკენ ვიგრძენი, რომ ოთხი წარმატებული ქალის წარმატებული სექსუალური პრობლემები ცუდად მხდიდნენ და შევეშვი.


2. წაიკითხო საყვარელი ჟურნალი: ხელთ ”კოსმოპოლიტანი” მომხვდა საინტერესო ჰედლაინით: ”მართე მისი ორგაზმი”. სრული იდიოტიზმი!!! კერი ბრედშოუს სვეტის სასაცილო, უბადრუკი და გულისამაჩუყებელი იმიტაცია. თუმცა, ამ ჟურნალიდან ინტელექტუალურ ტალღებს არც უნდა ელოდო, უბრალოდ მაღალი პოლიგრაფიული ხარისხი და ფოტო სესიები მხიბლავს.


3. დაალაგო საწერი მაგიდის უჯრები: შედეგად რამდენიმე კილო გადასაყრელ და გამოუსადეგარ ქაღალდს მიიღებ. სამაგიეროდ ჩემი უჯრები იდეალურად მოწესრიგებულია. მერე რა, რომ ხვალ ისევ აირევა. მთავარია წვიმიანი ამინდი არ იყოს და სულაც არ მომხვდება თვალში.


4. ტელევიზორი არ ჩართოთ!!! მოგლიჯეთ და გადააგდეთ. მარტო როცა ვიცხოვრებ, ჩემს ტელევიზორს mymarket.ge-ზე გავყიდი.


5.დაჯექით კომპიუტერთან და ამოაფრქვიეთ წვიმიანი ბოღმა ბლოგზე.



აი ასეთ მოწყენილობაში ჩაიარა დილამ და ნარგიზა კანკიას ლექციის დროც მოვიდა. ო, რისთვის ვისჯები ასე :(

P.s. ისე, ზემოთხსენებულ ”კოსმოპოლიტანში” ამაზე უკეთესი სტატიები არც იბეჭდება. ერთი CV უნდა შევიტანო, იქნებ გარეკანის ჰედლაინებს მაინც ვუშველო რამე. რაში გჭირდება სხვისი ორგაზმის მართვა, როცა შენი განწყობის მართვაც კი არ შეგიძლია :|
P.p.s. მაპატიეთ, ვინც სათაურმა შეცდომაში შეგიყვანათ და ეს სტატია ეროტიკის ძიებაში ბოლომდე წაგაკითხათ. ზუსტად ასეთივე ჟურნალსიტურმა ხრიკმა მაყიდინა გუშინ ”პრაიმტაიმი” და გადავწყვიტე მეც მეცადა.