Friday, December 5, 2008

”კაი გამარჯობა შენი”, ანუ ძირს რუსული თარგმანი!!!


სექტემბრის დასაწყისიდან კინოთეატრებს ”ამირანი” და ”რუსთაველი” დიდი, ფერადი აფიშა ამშვენებს: ”ყველა ფილმი ქართულ და ინგლისურ ენებზე”. ჩნდება კითხვა-სად გაქრა რუსული გახმოვანების ფილმები, რომლებსაც აგრერიგად მიგვაჩვიეს ბავშვობიდან? თუკი მოვლენათა ჯაჭვს მივყვებით, აგვისტოში განვითარებულ საომარ მოქმედებებამდე მივალთ. კინოთეატრების ეს ნაბიჯი ყველა ქართველმა (და, ალბათ, არაქართველმაც) რუსული აგრესიის მიმართ გამოთქმულ პროტესტად მიიღო. ამ საქციელის პოლიტიკურ ნაბიჯად აღქმა ნათლად გვაჩვენებს სიტუაციის სულელურ კომიკურობას: თუკი რუსული საყოფაცხოვრებო პროდუქცია მაინც შემოდის ქართულ ბაზარზე და დილაობით რუსულ ”ჰერკულესს” ვიხარშავთ, რატომ ვრცელდება ეს აკრძალვა მაინცდამაინც კულტურაზე? ომი ყოველთვის რამდენიმე ამბიციური პოლიტიკოსის მიზნების და პრეტენზიების გამო იწყება და არ შეიძლება მან ერთა შორის კულტურულ ურთიერთობაზე მოახდინოს გავლენა.
ამ საკითხთან დაკავშირებით გაზეთისთვის ინტერვიუ ჩავწერე კინოთეატრ ”რუსთაველის” მარკეტინგის გენერალურ დირექტორთან. მან განაცხადა, რომ რუსულად გახმოვანებული ფილმების აკრძალვა იყო მხოლოდ მორიგი მარკეტინგული სვლა, მაყურებლისგან წამოსული მოთხოვნა და არანაირ პოლიტიკურ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია: ”თან ისმევა მარტივი კითხვა: რატომაც არა? ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში ფილმები გადის მშობლიურ ენაზე, რატომ უნდა იყოს ჩვენთან რუსულად?”
მართებული კითხვაა, მაგრამ ჯეიმს ბონდის მიერ წარმოთქმულ ”კაი გამარჯობა შენი”-სთან დიდი ხნის განმავლობაში მოგვიწევს შეგუება...

0 comments: