Tuesday, December 9, 2008

ვიცინოთ ერთად :|


მედიის ფუნქციებში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი როლი გართობას უჭირავს. მედია ვალდებულია არამარტო ახალი ამბები მიაწოდოს აუდიტორიას, არამედ მოამარაგოს იგი გასართობი გადაცემებით და მისცეს მას თავისუფალი დროის სასიამოვნოდ გატარების საშუალება. გადავხედოთ ქართულ წამყვან ტელევიზიებს და იმ პროგრამებს, რომლებიც ჩვენს კარგ განწყობაზე ზრუნავენ.
ყველას გვახსოვს რამდენიმე წლის წინ ”შაბათის შოუს” ბუმი. თითქმის მთელი თბილისი შაბათ საღამოს ახალ-ახალ სკეტჩებს ელოდა და კვირის დანარჩენ დღეებში შოუს გმირების ციტირებასა და იმიტაციას ახდენდა. მაგრამ ეს იყო რამდენიმე წლის წინ. ნელნელა პერსონაჟებიც და იუმორიც იმდენად მოძველდა და გამაღიზიანებელი გახდა, რომ გადაცემის რეიტინგმა საგრძნობლად დაიწყო კლება. შოუს ორგანიზატორებმა ”გამოსავალი იპოვეს” და ახალი გადაცემა შექმნეს: ”კომედი შოუ”. რუსთავი 2--ს ოფიციალურ საიტზე ამ გადაცემის აღწერა შემდეგნაირად გამოიყურება: ”უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე”. ვისაც ერთხელ მაინც აქვს ნანახი ეს შოუ, შეუძლებელია ამ სიტყვებზე მართლაც რომ არ გაეცინოს. ხუმრობების იგივე სტილი და ადამიანები, ვისაც თავი ”შაბათის შოუს” პერსონაჟების გავლენისგან ჯერც ვერ დაუღწევიათ. შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება კიარადა სახელის შეცვლა რას შველის გადაცემას თუკი შიგთავსი იგივეა :))
რეიტინგის აღდგენა ”კომედი შოუთი” ვერ მოხერხდა და ახლა ”კლაბ შოუ” მოგვაშველეს :|. არასდროს მომწონდა რუსული ”комеди клаб”, მაგრამ ჩვენი ქართული ალტერნატივის ხილვის შემდეგ დავაფასე. ისევ იგივე სახეები და იუმორი, სადამდე შეიძლება?! სრულყოფილებისთვის ნიკა ლომიძის ისტერიული წამყვანობაღა იყო საჭირო და ესეც სახეზეა! აღარაფერს ვამბობ მოუქნელი გოგოების ცეკვაზე :| ამ გადაცემაში მაინც არის რაღაც სიახლე-თავისუფალი ხუმრობები სექსზე. მაგრამ ამ ხუმრობებს უფრო უკომპლექსობის მტკიცების საცოდავი იერი დაკრავს და დიდად არაფერი აქვს საერთო იუმორთან.
საკმაოდ აქტუალურია სერიალების თემაც. ტელეკომპანია ”მზის” სერიალმა ”ბიჭები და გოგოები” რუსთავი 2-მდე საკმაოდ ბევრი ტრანსფორმაცია განიცადა: ჯერ ”ჩიფსების თაობად” იწოდა, ახლა კი ”ჩვენს ოფისად”. აღსანიშნავია, რომ იუმორის დონით ეს სერიალი ბევრად ჯობია ზემოთ დასახელებულ შოუებს, თუმცა მოძველების ტენდენცია აქაც შეინიშნება.
რუსთავი 2-ის გასართობი პროგრამების ძლიერ კონკურენტად იქცა ტელეკომპანია ”იმედის” სერიალი ”შუა ქალაქში”. დღესდღეობით ამ გადაცემის ისეთივე ბუმია ატეხილი, როგორიც იყო ”შაბათის შოუზე” წლების წინ. იუმორი განსხვავებული სტილისაა-უფრო თბილისურია, ახლობლური და ალბათ ამიტომ სარგებლობს ასეთი დიდი პოპულარობით. თამამად შეიძლება ჳტქვას, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა შაბათ-კვირას ”შუა ქალაქს” უყურებს და აზრადაც არ მოსდის ამ დროს სხვა არხზე გადართვა. სასურველია, თუ ტელეკომპანია ”იმედი” არ გაიმეორებს კოლეგების შეცდომებს და არ ”შეახმობს” ამ სერიალს ტელეეკრანს :|
რა არის ქართული გასართობი შოუების პრობლემა? დაუსრულებლობა და ერთფეროვნება :| ჯობია საყვარელი გმირები გენატრებოდნენ, ვიდრე ყელში გყავდნენ ამოსული და მათი დანახვისას პულტს ეძებდე:| მარტივი ფილოსოფიაა, მაგრამ ალბათ პროდიუსერების იმედი რეიტინგის აღდგენისა უფრო ძლიერია.

2 comments:

czech_11 said...

we need map for nato,but i need for nata.funny

naaat said...

vistan xar dedi :P